„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი Tegeta Commercial Vehicles საქართველოში პრემიუმ კლასის ბრენდის Renault Trucks-ის გაყიდვებს იწყებს. ფრანგულ ბრენდს, რომელიც ოთხ კონტინენტზე საქმიანობს, რეგიონის ბაზარზე ქართული კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს. პირველი ცენტრი თბილისში 10 ივნისს, აღმაშენებლის ხეივანში გაიხსნა.
კომპანია მომხმარებელს რენოს მაღალი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილებს შესთავაზებს და გაყიდვების შემდგომ სრულ მომსახურებას გაუწევს. ცენტრში, რომელიც 580 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, დღის განმავლობაში, ერთდროულად 10-მდე სატრანსპორტო საშუალების მომსახურებაა შესაძლებელი. კომერციული ტრანსპორტის სერვისს კვალიფიციური მექანიკოსები, რენოს სტანდარტების სრული დაცვით, თანამედროვე დანადგარების საშუალებით განახორციელებენ.
რენოს პირველი ცენტრი თბილისში კომპანიის დირექტორმა და თურქეთსა და ცენტრალური აზიის რეგიონში Renault Trucks-ის ვიცე-პრეზიდენტმა გახსნეს, რომელიც საქართველოში სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოვიდა.
სებასტიან დელეპინი, თურქეთსა და ცენტრალური აზიის რეგიონში Renault Trucks-ის ვიცე-პრეზიდენტი: „მოხარული ვარ თეგეტასთან თანამშრომლობის დაწყებით. ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს, რაც არის პროდუქციის მაღალი ხარისხი და მომხმარებელზე ზრუნვა. ჩვენი კომპანიების თანამშრომლობა რეგიონის მასშტაბით მოიცავს როგორც საქართველოს, ასევე სომხეთს. ვფიქრობ, ეს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საუკეთესო ხარისხის ტექნიკის მომხმარებლებისთვის. თქვენს
რეგიონში ინფრასტრუქტურის მხრივ ბევრი პროექტი ხორციელდება. თეგეტა ჩვენთვის ძლიერი პარტნიორია და მათთან ერთად, რეგიონის განვითარების პროცესში, ჩვენი პროდუქტითა და სერვისით სიამოვნებით ჩავერთვებით.“